ანტი-ჩამკეტი სამუხრუჭე სისტემა (მოკლედ ABS) როგორც სახელიდან ჩანს ხელს უშლის ბორბლის ჩაკეტვას (გაჩერებას) დამუხრუჭების დროს. ბორბლის ბრუნვა ხელს უწყობს მართვის შენარჩუნებას ინტენსიური მუხრუჭისას რითაც მოცურების თავიდან აცილება ხდება შესაძლებელი.
ტიპიური ABS შედგება ცენტრალური ელექტრონული კონტროლის მოდულისგან (ECM), 4 სიჩქარის სენსორისგან ყველა ბორბლისთვის, და ორი ან მეტი ჰიდრავლიკური სარქველისგან (Hydraulic Valve) რომელიც მიერთებულია მუხრუჭის ჰიდრავლიკასთან. ECM მუდმივად აკონტროლებს ყველა ბორბლის სიჩქარეს სენსორების მეშვეობით და როცა ერთერთი ბორბლის ბრუნვის სიჩქარე მნიშვნელოვნად ნაკლები ხდება ვიდრე დანარჩენების, მოქმედებაში მოყავს ჰიდრავლიკური სარქველები რათა შეამციროს ჰიდრავლიკური წნევა შესაბამის მუხრუჭზე რის შედეგადაც ბორბალზე მოქმედი მუხრუჭის ძალა შემცირდება და გამოიწვევს ბორბლის ბრუნვის სიჩქარის გაზრდას. ცხადია თუ რომელიმე ბორბალი დანარჩენებზე გაცილებით სწრაფად დაიწყებს ბრუნვას მაშინ უკუპროცესი დაიწყება: მუხრუჭზე ჰიდრავლიკური წნევა გაიზრდება რაც ბორბლის შენელებას გამოიწვევს. ექსტრემალური მუხრუჭის შემთხვევაში სისტემა პერიოდულად ზრდის და ამცირებს ბორბლებზე მუხრუჭის ძალას ისე რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ხახუნი სწრაფად გასაჩერებლად და ამავე დროს თავიდან აიცილოს ბორბლის ჩაკეტვა რათა მანქანის მართვა იქნეს შენარჩუნებული. ტიპიური ABS 20-მდე ასეთ ციკლს აკეთებს წამში.
არსებობს სხვა ABS სისტემებიც, ზემოთ მოყვანილი 4 სენსორი + 4 სარქველი სისტემის გარდა არსებობს 3 სენსორი+3 სარქველი სისტემები რომლებშიც წინა ორი ბორბალი ცალცალკე კონტროლდება და უკანა ორი -ერთად ერთი სესნსორით და სარქველით. ყველაზე მარტივი სისტემა 2 სენსორი + 2 სარქველია, ერთი წინა თვლებისთვის მეორე - უკანა.
ბევრი კვლევა ჩატარდა აბს სისტემის ეფექტურობის შესამოწმებლად, მაგალითად Royal Automobile Club of Victoria Ltd. -ის რეპორტი ამ სისტემის ეფექტურობის შესახებ წერს რომ მაღალი ხახუნის ზედაპირებზე როგორიცაა ასფალტი და ბეტონი ბევრი (თუმცა არა ყველა) ABS-ით აღჭურვილი ავტომობილის სამუხრუჭო მანძილი ნაკლებია ვიდრე ამ სისტემის გარეშე. უფრო მეტიც, გამოცდილ პროფესიონალ მძღოლსაც კი გაუჭირდება ABS-ის გარეშე იგივე შედეგი აჩვენოს რასაც ABS- ით აღჭურვილი მანქანით ტიპიური მძღოლი აჩვენებს.
მიუხედავად ამისა იმავე რეპორტში ნათქვამია რომ რომ ABS-მა შეიძლება გაზარდოს სამუხრუჭე მანძილი ზედაპირებზე როგორიცაა თოვლი ან ხრეში, რადგან ჩაკეტილი ბორბალი თხრის ამ ზედაპირებს და შედეგად ბორბლის წინ წარმოქმნილი თოვლის ან ხრეშის ბარიერი ხელს უწყობს სწრაფ გაჩერებას. თუმცა სხვა კვლევები მიუთითებენ, რომ ეს პროცესი სიჩქარეზეცაა დამოკიდებული და მაღალ სიჩქარეებზე ABS მაინც რჩება უკეთეს და უსაფრთხო სისტემად.
ანტი-ჩამკეტი სისტემა ერთერთი სუბიექტია ექსპერიმენტებისა რომლებიც ტარდება რისკის კომპენსაციის თეორიის (Risk Compensation Theory) შესამოწმებლად. ეს თეორია ვარაუდობს რომ მძღოლები ადაპტირებას აკეთებენ ABS-ისგან უზრუნველყოფილ უსაფრთხოებაზე და უფრო თვითდარწმუნებულები ხდებიან, რის შედეგადაც უფრო აგრესიულად მართავენ ავტომობილს. რამდენიმე კვლევაში აბეესით აღჭურვილი და მის გარეშე ტაქსების თანაბარ რაოდენობაზე დაკვირვების შედეგად აღმოაჩინეს რომ ავარიების რიცხვი თანაბარი იყო რაც ამ თეორიის სასარგებლოდ მეტყველებს, კერძოდ, კვლევაში დაასკვნეს რომ ABS სისტემით აღჭურვილი ავტომობილების მძღოლები უფრო მეტ რისკზე მიდიან იმის იმედით რომ ეს სისტემა დაიცავთ ექსტრემალურ სიტუაციაში, მაშინ როცა ABS-ის გარეშე მძღოლები უფრო ფრთხილად მართავენ ავტომობილებს რადგან მთლიანი პასუხისმგებლობა მათ მოქმედებაზეა და არანაირი დახმარების იმედი არ აქვთ მსგავს სიტუაციაში.
წყარო:www.carworld.ge